National Hydrogen Association is a vector for hydrogen sector development in Georgia.

მსოფლიო ენერგეტიკული პოლიტიკა და საქართველო მწვანე მომავლისთვის

ჩვენს რეალობაში მსოფლიოს მოსახლეობა საკმაოდ ინტენსიური “ენერგო გადასვლის” პროცესშია ჩართული. რიგით მესამე „გადასვლა“ 1980-იან წლებში დაიწყო და განსხვავებით მისი წინამორბედებისგან ,მას საფუძველი არც არსებული ტექნოლოგიების განვითარებით, არც ბაზრის ძალებით ან თუნდაც – ახალი მექანიზმების  შექმნით (როგორც ეს ინდუსტრიული რევოლუციის დროს მოხდა) დაედო. პროცესი იყო უპრეცედენტო, როდესაც სრულიად მსოფლიომ გადაწყვიტა ერთად დამდგარიყო გლობალური დათბობის წინააღმდეგ. მას შემდეგ რამდენიმე დეკადა გავიდა, მაგრამ მიუხედავად ინტენსიური მუშაობისა, დედამიწა უკვე განიცდის კლიმატური ცვლილების ნეგატიურ შედეგებს.

კიოტოს პროტოკოლისა და პარიზის შეთანხმებით, ქვეყნები შეთანხმდნენ სათბური გაზების რაოდენობის შემცირებაზე, მაგრამ ნახშირორჟანგი ატმოსფეროში იმატებს, ათბობს დედამიწის ზედაპირს საგანგაშო სიჩქარით, რაც, როგორც სამეცნიერო კვლევებით ირკვევა, იმავე ტემპში განვითარების შემთხვევაში ბუნებრივ კატასტროფებს გამოიწვევს – იქნება ეს ზღვის დონის მომატება, რეკორდული გვალვები თუ წყალდიდობები, ასევე სხვადასხვა სახის ფლორისა და ფაუნის გადაშენება.

მსოფლიო კლიმატურ პოლიტიკაზე საუბრისას, არ შეიძლება გამოგვრჩეს მონრეალის პროტოკოლი (Montreal Protocol, 1987), მიუხედავად იმისა, რომ ის არ ისახავდა მიზნად კლიმატური ცვლილების შერბილებას, ის იყო ისტორიული გარემოსდაცვითი შეთანხმება, რომელიც გახდა ამ საკითხთან დაკავშირებული მომავალი პოლიტიკის სახე. მსოფლიოს ყველა ქვეყანამ მოახდინა ხელშეკრულების რატიფიცირება, რომელიც მათგან მოითხოვდა შეეწყვიტათ ისეთი ნივთიერებების წარმოება ( მაგალითად ქლოროფტორნახშირბადები- CFC), რომლებიც ზიანს აყენებდნენ ოზონის შრეს.

გაეროს კონვენცია კლიმატური ცვლილების შესახებ (UN Framework Convention on Climate Change (UNFCCC)), რატიფიცირებული 197 ქვეყნის მიერ, იყო პირველი გლობალური ხელშეკრულება, რომელიც ცალსახად მიზანმიმართული იყო კლიმატური ცვლილების პრობლემის მიმართ. მისი ეგიდით ჩამოყალიბდა ყოველწლიური ფორუმი ცნობილი როგორც – Conference of the Parties (COP), მიზნით, რომ ემასპინძლა ინტერნაციონალური დისკუსიებისთვის, რომლებიც თავისმხრივ კონცენტრირდებოდნენ ატმოსფეროში სათბური აირების შემცველობის დასტაბილურებაზე. სწორედ ამ შეხვედრების ნაყოფი არის კიოტოს პროტოკოლი და პარიზის შეთანხმება, რომლის ერთ-ერთ მხარეს საქართველო წარმოადგენს.

ენერგო გადასვლის ტემპებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა რუსეთის აგრესიამ უკრაინის მიმართ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, გლობალური ენერგეტიკული ლანდშაფტი მკვეთრად შეიცვალა. ენერგო პროდუქტების ფასის ზრდამ მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყნების ეკონომიკებს, წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა ისე როგორც არასდროს, რის მიზეზსაც წარმოადგენდა ის, რომ რუსეთი იყო ევროკავშირის ყველაზე დიდი ენერგო მომმარაგებელი პარტნიორი, Eurostat-ის მიხედვით, რუსეთზე მოდიოდა ევროკავშირში ქვანახშირის იმპორტის 45%, ბუნებრივი გაზის 36% და ნავთობის 25%.

მიუხედავად ენერგო დამოკიდებულებისა ევროკავშირმა საკმაოდ მკაცრი ზომები მიიღო აგრესორის წინააღდეგ, დააწესა რიგი სანქციები. ომის დაწყებიდან დაახლოებით თვე ნახევარში, 2022 წლის 7 აპრილს დაწესდა „დაუყოვნებელი სრული ემბარგო“ ნავთობის, ქვანახშირის, ატომური საწვავისა და გაზის იმპორტზე რუსეთიდან, ასევე გაუქმდა Nord Stream 1 და 2 მილსადენები.

საჭირო გახდა გარკვეული ინიციატივებისა და ნორმების მიღება, ახალი სამუშაო გეგმის შემუშავება ენერგო უსაფრთხოების გაზრდის მიზნით

ზემოაღნიშნული ნაბიჯების გადადგმა, როდესაც საქმე ეხება ასეთ ძლიერ-შეკავშირებულ „პარტნიორს“ მარტივი არ არის, ისეთ ძლიერ სახელმწიფოს, როგორიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა დასჭირდა რიგი ინსტიტუტების, რეფორმებისა, მოსახლეობის ცხოვრების წესის რესტრუქტურიზაციაც კი, მათ მძიმე ზამთართან გამკლავების მიზნით კანონპროექტი შეიმუშავეს, რომლის მიხედვით 2030 წელს გერმანია 2008 წელთან შედარებით ენერგიის მოხმარებას 26.5%- ით შეამცირებს. აღსანიშნია, რომ 2021 წელს ქვეყანამ დაახლოებით 500 ტვტ/სთ ელექტროენერგია გამოიყენა. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ენერგიის მოხმარება 2040 წლისთვის 39%-ით, 2045 წლისთვის კი 45%-ით უნდა შემცირდეს. ცნობისთვის ომამდე გერმანია ბუნებრივი აირის დაახლოებით 55%-ს რუსეთიდან იღებდა. 

„ვერსალის“ დეკლარაციის სახით, ევროკავშირის აღებული ვალდებულება შეწყვიტოს რუსულ წიაღისეული საწვავის იმპორტი „რაც შეიძლება სწრაფად“ , მომდევნო წლებში ენერგო ბაზარს გარდაქმნის, რაც თავისმხრივ გავლენას მოახდენს გლობალურ ვაჭრობასა და ბაზრის დინამიკაზე. შედეგს უკვე ვხედავთ ევროკავშირის რუსულ გაზზე პიკური დამოკიდებულების (იმპორტი 2019 წელს – 47%) შემცირება 23%-მდე. ამ ყოველივეს ხელშემწყობი ფაქტორი გარდა ზემოაღნიშნულისა შედარებით თბილი ზამთარი, ინიციატივა SAVE ENERGY და გაზსაცავების რეკორდულ ნიშნულამდე (95%) შევსება იყო, 2023 წლის იანვრის მონაცემებით რუსული ბუნებრივი აირის წილი ევროკავშირში 10%-ს შეადგენდა.

ომის ერთ-ერთი მთავარი „ნაყოფი“ რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია არის სტიმული განახლებადი ენერგიის წარმოებისა. ენერგო კრიზისი ევროპას თავს დაატყდა მაშინ, როდესაც ევროპის კანონმდებლები ისედაც საკმაოდ ამბიციურ განახლებად მიზნებს განიხილავდნენ “Fit for 55”-ის ფარგლებში ( ევროკავშირის გეგმა – 2030 წლისთვის 55%-ით  შეამციროს სათბური აირები, 1990-თან შედარებით). ენერგო უსაფრთხოების საკითხის წამოჭრამ დამატებითი მოტივაცია შექმნა განახლებადი ენერგიის წარმოების. ევროკომისიის ეგიდით მიღებული იქნა გეგმა – REPowerEU, რაც მიზნად ისახავს ბლოკის რუსულ წიაღისეულზე დამოკიდებულების დასრულებას 2027 წლისთვის. სხვა მიზნებთან ერთად, გეგმა მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის წილის 45%-მდე გაზრდას საბოლოო ენერგო მოხმარებაში, 2030 წლისთვის.

პირველმა რეალურმა ენერგო კრიზისმა მართლაც რომ უპრეცედენტო ნაპერწკალი შესძინა განახლებადი ენერგიის იმპლემენტაციის პოლიტიკას.  წიაღისეული საწვავის მიწოდების რღვევებმა, ცხადყო ადგილობრივად წარმოებული განახლებადი ენერგიის სარგებლიანობა, ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით; ამას ემატება ის, რომ წიაღისეულის გაზრდილმა ფასებმა, ისეთი განახლებადი ენერგიის, როგორიც მზის და ქარის ენერგიებია სხვა საწვავის მიმართ კონკურენტუნარიანობა გაზარდა, რა გარემოებაც საკმაოდ დიდ ფორად შეგვიძლია აღვიქვათ გამომდინარე იქიდან თუ რამდენად დიდი ზრდა ჰქონდა „ცვლადი განახლებადი ენერგიის“ წყაროებს ბოლო დეკადაში, როდესაც მზის ენერგია 2009 წელს არსებული 23 გიგავატიდან 2021 წელს 900 გიგავატამდე გაიზარდა. დაახლოებით იგივე სიტუაციაა ქარის ენერგიასთან დაკავშირებითაც – დაახლოებით 150 გიგავატიდან 850-მდე.

IEA-s პროგნოზით 2022-27 წლებში განახლებადი ენერგია 2400 გიგავატით გაიზრდება, მაშინ, როდესაც 2016-2021 წლებში ზრდა 1282 გიგავატი იყო. ეს რიცხვი 30%-ით აღემატება IEA-ს წინა წლის პროგნოზს, რაც დოკუმენტს აქცევს მის ისტორიაში ყველაზე დიდ რევიზიად. ამავე პერიოდში განახლებადი ენერგიის წილი გლობალურ ენერგეტიკის ახალ დადგმულ სიმძლავრეებში  დაახლოებით 90% იქნება. ზრდის ტენდენცია ძირითადად უკავშირდება ჩინეთის, ევროკავშირის, შეერთებული შტატების და ინდოეთის მიერ სხვადასხვა კანონებისა და რეგულაციების იმპლემენტაციას და საბაზრო რეფორმებს, კრიზისის საპასუხოდ. მათგან გამორჩეულია ჩინეთის მე-14 5 წლიანი გეგმა, REPowerEU და შეერთებული შტატების ინფლაციის შემცირების აქტი.

საქართველო მთავრობა, ქვეყნის, რომელსაც რუსეთთან საერთო საზღვარი აერთიანებს და თავად არის მისი აგრესიის მსხვერპლი, სრულიად იაზრებს იმ კლიმატურ თუ ენერგოუსაფრთხოების საფრთხეებს, რაც ესოდენ აქტუალურია დღეს მსოფლიოში.

ქვეყანა 2017 წელს შეუერთდა პარიზის შეთანხმებას, 2021 წლის აპრილში კი განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი და ემისიების შემცირების ამბიციური მიზანი დასახა – საქართველო იღებს ვალდებულებას 2030 წლისთვის საკუთარი ძალებით შეამციროს სათბური აირების ემისიები 35%-ით 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო საერთაშორისო ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერის შემთხვევაში – 50-57%-ით. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად განვითარებას. საქართველომ შეიმუშავა კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-23 წლების სამოქმედო გეგმა.  

საქართველომ განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ და მისი არსებული კანონმდებლობა მეტწილად თანხვედრაშია ევროკავშირის კანონმდებლობასა და დირექტივებთან.

მაგალითად ქვეყანამ 2017 წელს მოახდინა გარემოს შეფასების კოდის ადაპტაცია, რომელიც დამყარებულია ევროკავშირის დირექტივებზე. ეს არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების განახლებული ლეგალური ჩარჩო, მასში შედის მნიშვნელოვანი მოთხოვნილებები და პროცედურები გარემოზე მონიტორინგისთვის ენერგო სექტორში. 

აღნიშნულის მსგავსად, ევროკავშირის დირექტივებით არის მიღებული კანონი ენერგო ეფექტურობაზე, ენერგიის მარკირებაზე (Energy labeling) ,ჰაერის დონის მონიტორინგზე აგრეთვე მიღებული იქნა ისეთი დირექტივები, როგორიც არის ევროპარლამენტის 2010 წლის 24 ნოემბრის დირექტივა Directive 2010/75/EU.

გამორჩეულია კანონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ. მისი  მიზანია შექმნას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშეწყობის, წახალისებისა და გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები, დაადგინოს ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებასა და ენერგიის ტრანსპორტის მიერ მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საერთო წილის სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლები. ის ადგენს მხარდაჭერის სქემებთან, საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეებს შორის სტატისტიკურ ტრანსფერებთან, საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების ერთობლივ პროექტებთან, საქართველოსა და მესამე ქვეყნების ერთობლივ პროექტებთან, წარმოშობის სერტიფიკატებთან, ადმინისტრაციულ პროცედურებთან, საინფორმაციო უზრუნველყოფასა და ტრენინგებთან,  განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიისა და ბიოგაზის ელექტროენერგეტიკულ ქსელსა და ბუნებრივი გაზის  ქსელთან დაშვებასთან დაკავშირებულ ნორმებს, აგრეთვე ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მდგრადობის კრიტერიუმებს.

კანონის მიხედვით საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წილი გაუთანაბრდეს სულ მცირე 35%-ს 2030 წლისთვის, რისთვისაც საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას შეიმუშაოს რიგი ღონისძიებები, რომელთა განხორციელება წაახალისებს და ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობასა და ენერგიის დაზოგვას. კანონის მიხედვით სამინისტრო შეიმუშავებს მხარდაჭერის სქემებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. მხარდაჭერის სქემა დამტკიცებამდე კონკურენციის პრინციპების გათვალისწინების მიზნით უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო დახმარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან. მხარდაჭერის სქემა აგრეთვე მოიცავს საინვესტიციო დახმარებას, გადასახადისგან გათავისუფლებას ან მის შემცირებას, გადასახადის დაბრუნებას, განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ვალდებულების მხარდაჭერის სქემებს, მათ შორის, იმ ღონისძიებებს, რომლებიც იყენებს მწვანე სერტიფიკატებსა და პირდაპირი ფასის მხარდამჭერ სქემებს, რაც სპეციალურ მწვანე ტარიფსა და პრემიალურ ტარიფს მოიცავს, ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების გათვალისწინებით, საქართველომ და ენერგეტიკული გაერთიანების სხვა, ხელშემკვრელმა მხარეებმა შეიძლება გადაწყვიტონ ნებაყოფლობით თავიანთი ეროვნული მხარდაჭერის სქემების გაერთიანება ან ნაწილობრივ კოორდინაცია. ამასთან ერთად საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ 2030 წლისთვის ყველა სახეობის ტრანსპორტის მიერ მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტის მიერ ენერგიის სრული მოხმარების მინიმუმ 10 პროცენტი იყოს.

საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით აქტით ამტკიცებს განახლებადი ენერგიის ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც 2 წელში ერთხელ განაახლებს. ეს გეგმა ადგენს 2030 წლისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის საქართველოს ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებს, რომელიც მოიხმარება ტრანსპორტის, ელექტროენერგეტიკის და გათბობისა და გაგრილების სფეროებში, შესაბამისი პოლიტიკის სხვა ღონისძიებების ეფექტის გათვალისწინებით, რომელიც დაკავშირებულია ენერგიის საბოლოო მოხმარების ენერგოეფექტურობასთან. განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმით აგრეთვე დგინდება საქართველოს ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების მიღწევისთვის მისაღები ადეკვატური ზომები, მათ შორის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებს შორის თანამშრომლობა, დაგეგმილი სტატისტიკური ტრანსფერები, ერთობლივი პროექტების, ბიომასის არსებული რესურსების განვითარებისა და ბიომასის ახალი რესურსების სხვადასხვაგვარი გამოყენებისთვის მობილიზების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და სხვა.

თუ წინა 2 წლის განმავლობაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი 35%-ზე  ნაკლები იქნება, საქართველოს მთავრობამ მომდევნო წლის 30 ივნისისთვის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უნდა წარუდგინოს განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესწორებული პროექტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება ადეკვატური და პროპორციული ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის 35%-იან ნიშნულთან გონივრულ ვადაში დასაბრუნებლად.

საინტერესოა კანონის მე-7 მუხლი „სტატისტიკური ტრანსფერი საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეს შორის“, რომლის მიხედვითაც საქართველომ და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება განახორციელონ ღონისძიებები განახლებადი წყაროებიდან მიღებული  ენერგიის სტატისტიკური ტრანსფერისთვის საქართველოდან ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან პირიქით გადაცემული ენერგიის რაოდენობა კი:

„ა) უნდა გამოაკლდეს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის რაოდენობას, რაც გაითვალისწინება სტატისტიკური ტრანსფერის განმახორციელებელი ქვეყნის მიერ სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების დროს; 

ბ) უნდა დაემატოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის რაოდენობას, რაც გაითვალისწინება სტატისტიკური ტრანსფერის მიმღები ქვეყნის მიერ სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების დროს“

მთავრობა ასევე იღებს ვალდებულებას საინფორმაციო უზრუნველყოფასა და ტრენინგებზე. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით უზრუნველყოფს მხარდაჭერის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა მოქმედი მხარისთვის, აგრეთვე უზრუნველყოფს, რომ განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების მისაღებად გამოყენებული აღჭურვილობისა და სისტემების წმინდა სარგებლის, ღირებულებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია ამ აღჭურვილობისა და სისტემის მიმწოდებლებმა ან საქართველოს სხვა კომპეტენტურმა ორგანოებმა ხელმისაწვდომი გახადონ.

პოლიტიკა, რომელიც დღეს სახელმწიფოში ტარდება მნიშვნელოვანია მრავალმრივ, იქნება ეს კლიმატური ცვლილების შედეგების შერბილება, ევროინტეგრაცია, თუ ეკონომიკური წინსვლა.

საქართველო მსოფლიოში გამოირჩევა ელექტროენერგიის გამომუშავების გზით, სადაც განახლებადი წყაროები 81.1%-ს იჭერდნენ 2021 წელს, მიუხედავად ამისა, საქართველოს ენერგო გამომუშავება ფარავს ქვეყნის მოხმარების მხოლოდ დაახლოებით 20%-ს, მაშინ, როდესაც სემეკის მონაცემებზე დაყრდნობით ქვეყანაში ჰიდრო ენერგიის მხოლოდ 22.5%-ია ათვისებული.

ქვეყანაში შემუშავდა ახალი მხარდაჭერის სქემა – CFD მოდელი. ახალი მექანიზმით საკონტრაქტო  და საბაზრო ფასს შორის სხვაობას, ანუ კონტრაქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიის ფასსა და საბაზრო ღირებულებას (დღით-ადრე ბაზარზე დაფიქსირებულ ფასი) შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ამ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. აქ საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება, როდესაც საბაზრო ფასი იქნება მეტი, კონტრაქტით გათვალისწინებულზე, მოხდება პირიქით, თანხას კომპანიებისგან სახელმწიფო მიიღებს. კონტრაქტები თავის მხრივ სიმძლავრის აუქციონის გამარჯვებულებსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის იდება. CFD მოდელი, მოგეხსენებათ დაკავშირებულია საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე, რომელიც ჩამოყალიბდა 2019 წლის 4 დეკემბერს, თუმცა მისი ამოქმედება გადავადებულია 2024 წლის ივლისამდე. ბირჟის საქმიანობა გამოიხატება დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერირებასა და მათი ანგარიშსწორების სისტემების მართვაში. მისი მიზანია – „ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტიანი ოპერირებით, გამჭვირვალე და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა და სწორი საფასო სიგნალების მიწოდება ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისათვის“. პირველი აუქციონი (ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) – 150 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები – 70 მგვტ; მზის ელექტროსადგურები – 70 მგვტ; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები – 10 მგვტ.) უკვე ჩატარდა. მასში 80-მდე განაცხადი იყო შესული და 26 გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა, მათ შორის: 14 ჰიდროსადგური (149.3 მგვტ), 10 მზის სადგური (77.0 მგვტ.) და 2 ქარის სადგურის პროექტი (70.1 მგვტ.) სამწუხაროდ აუქციონი ვერ შედგა სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების კატეგორიაში.

რათქმაუნდა მექანიზმი ახალია და შორს არის იდეალურისგან. ბიზნესს გაუჩნდა მრავალი შეკითხვა ისეთ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორიცაა უბალანსობაზე პასუხისმგებლობა. ასევე კითხვები არსებობს ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით, როდესაც ჰესი განაცხადის გაკეთებისას დაფიქსირებულ გამომუშავებას ვერ შეასრულებს. არსებობს საფრთხე იმისა, რომ ნაკლებად კვალიფიციურმა დეველოპერებმა სახელმწიფოს დაბალი ფასი შესთავაზონ და შემდეგ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულება ვეღარ შეასრულონ, თუმცა მიმდინარეობს სამინისტროსთან თანამშრომლობა დეველოპერების, ბიზნეს ასოციაციის მხრიდან, რათა რისკები მინიმუმადე იყოს დაყვანილი. ამ გარემოებების მიუხედავად CFD მექანიზმი ცალსახად პოზიტიური სიახლეა ენერგო სექტორსა და ქვეყნის ეკონომიკაში. PPA ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, საქართველოს, ენერგეტიკაში „უძრაობის წლები“ იდგა, ინვესტორები გარანტირებული ტარიფისა და დამხმარე მექანიზმის გარეშე თავს იკავებდნენ სექტორში კაპიტალის დაბანდებისგან. დღეს კი კონკურენტულ საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობილი აუქციონი, სამართლიანი ფასი, ღირებულებებს შორის სხვაობის ანაზღაურება ქმნის იმ გარემოს, სადაც ფაქტობრივად ჩანს „უძრავი“ მდგომარეობიდან გამოსვლა – პირველივე აუქციონზე 78 მონაწილე პროექტი. 2022 წელს ინვესტორებთან გაფორმებულია 60-ზე მეტი ხელშეკრულება, რაც არის დაახლოებით 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია და ადგილობრივი გენერაციისთვის 2 მილიარდ კვტ სთ-ზე მეტის შემატებას გულისხმობს.

საქართველოს ენერგო პოლიტიკასა და მწვანე მომავალზე საუბრისას, არ შეიძლება გამოგვრჩეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომლის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” და „ტრანსელექტრიკას“ ხელშეწყობით განხორციელდება. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა – პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა. კაბელი არის შესაძლებლობა, რომელსაც ექპერტების დიდი ნაწილი „საუკუნის პროექტად“ და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის თანასწორი მნიშვნელობის მატარებელად მოიხსენიებენ. პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა დარჩეს არა ტრანზიტულ ქვეყნად, არამედ გახდეს ექსპორტიორი, რისთვისაც აუცილებელია გამოყენებული იყოს რეზერვუარიანი ჰესები და სხვა მწვანე გენერაციის მქონე წყაროები, ამასთან ერთად, რათქმაუნდა აუცილებელია იმ ჰიდრო, ქარისა თუ მზის პოტენციალის ათვისება, რაც საქართველოს გააჩნია. ზემოხსენებული საქართველოს ეკონომიკას დიდ ბიძგს მისცემს ვინაიდან ჩნდება ევროკავშირის ბაზარზე ენერგიის ექსპორტის შესაძლებლობა, სადაც ვაჭრობა ევროცენტებში მიმდინარეობს.

საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს  საჭირო ნაბიჯების გადადგმა წყალბადის ენერგეტიკის ჩამოსაყალიბებლად. ქვეყანაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეგიდით ჩამოყალიბდა წყალბადის კომიტეტი. კომიტეტის მიზანია, სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება – საქართველოში წყალბადის პოტენციალის შეფასება, შესაბამისი კანონპროექტებისა და ლეგალური აქტების შეთავაზება მთავრობისთვის, საბოლოოდ კი – საპილოტე პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, რასაც თავისმხრივ მომავალში მასშტაბური პროექტები მოყვება. კომიტეტის წევრი არის წყალბადის ეროვნული ასოციაცია, რომელიც საქართველოში წყალბადის სექტორის განვითარებას ემსახურება.
ასოციაცია  მიზნად  ისახავს წყალბადის და მასთან ასოცირებულ სექტორებში მოღვაწე ქართველ და საერთაშორისო სპეციალისტებს შორის პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობას, მათ შორის – ერთობლივი ინიციატივებისა და კვლევების განხორციელების კუთხით.

წყალბადის ენერგიის ათვისებისა და იმპლემენტაციისთვის, ქვეყანაში სხვა მნიშვნელოვანი პროცესებიც მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, რომ  მიღებული იქნა კანონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ. ინვესტორებისთვის საინტერესო გარემოს შექმნისთვის მთავრობა სთავაზობს მიმზიდველ საექსპორტო ბაზარს, თავისუფალ წვდომას ქსელზე მესამე ქვეყნისთვის ( „მესამე ქვეყანა − ქვეყანა, რომელიც ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარე არ არის“) და ეფექტურ ლეგალურ ჩარჩოს მწვანე პროექტებისთვის აშენება-საკუთრება-ოპერირების პრინციპზე. ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობა, ორმაგი გადასახადის თავიდან არიდების შეთანხმება ეკონომიკური კოოპერაციის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მქონე ქვეყნებთან, სწრაფად მზარდი საექსპორტო ბაზარი, გამარტივებული პროცედურები, და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებისადმი აღებული მტკიცე კურსი,ასევე ქმნის ხელსაყრელ ბიზნეს კლიმატს პოტენციური ინვესტორებისთვის. გარდა ჰიდრო ენერგიისა, რომლის მეშვეობითაც ელექტროლიზის პროცესით წყალბადის ენერგიის მიღება არის შესაძლებელი, ქარისა და მზის ენერგიის აგრეგატების მატება თავის მხრივ აქტუალობას სძენს წყალბადის შემნახველი ტექნოლოგიის საჭიროებას ქვეყანაში, რისი წყალობითაც ცვლადი განახლებადი ენერგიის შედეგად პიკური მოთხოვნის დროს გაჩენილი უბალანსობის გაწონასწორება იქნება შესაძლებელი.