National Hydrogen Association is a vector for hydrogen sector development in Georgia.

H2 Association

მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტისთვის 1.3 მლნ ევრო გამოიყოფა

19 ივნისს, ბერლინში, ქართულ-გერმანული მთავრობის მოლაპარაკებების კვირეულის ფარგლებში, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორს, გიორგი ჩიქოვანსა და გერმანიის განვითარების ბანკის ( KFW ) ენერგეტიკის სექტორის დირექტორს, ბოდო შიულინგს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც მწვანე წყალბადის მოხმარების განვითარებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული მოსამზადებელი ღონისძიებებისათვის 1.3 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

დაფინანსებას, ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, სამეწარმეო ხასიათის მიზნები გააჩნია – მიღებული სახსრები განსაზღვრულია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისთვის, პროექტირებისთვის, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშებისა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების პროექტის იმპლემენტაციისთვის და ა.შ.

გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ საქართველოში მწვანე წყალბადის ბაზრის განვითარების ხელშეწყობაა განზრახული, რისი მიღწევაც გერმანიის განვითარების ბანკის მეშვეობითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით იგეგმება. ზემოხსენებული მიზნით, მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით, ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის განვითარების ბანკს შორის. მემორანდუმი ადასტურებს მხარეთა განზრახვას, ერთობლივი ძალისხმევით განავითარონ, როგორც მწვანე წყალბადის საპილოტე საწარმო, ასევე მისი სრული ღირებულებითი ჯაჭვი.

აღნიშნული შეთანხმება სწორედ პროექტის საწყისი ეტაპია, მის საფუძველზე გამოყოფილი თანხით ( 1.3 მილიონი ევრო ) მწვანე წყალბადის განვითარების მიმართულებით, ქვეყანაში, პირველი ნაბიჯები გადაიდგმება.

მწვანე წყალბადის, ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოპროდუქტის, იმპლემენტაციის პირველ სტადიად ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი განიხილება, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები სავარაუდოდ 1 წელიწადს გასტანს.