EU4ENERGY-ის ფორუმი საქართველოში
საქართველოში, 2022 წლის 22 ნოემბერს, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA), ევროკავშირის პროგრამის EU4Energy ფარგლებში და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, წყალბადის ენერგეტიკაში საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა.
ფორუმზე მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძე, ვინც განაცხადა, რომ სჯერა, „მწვანე წყალბადის“ ტექნოლოგიის განვითარება არა მხოლოდ დააბალანსებს ენერგეტიკულ სისტემას, არამედ ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შექმნის ახალ ბიზნეს შესაძლებლობებსა და სამუშაო ადგილებს. აქედან გამომდინარე მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ უნდა დაჩქარდეს საერთაშორისო თანამშრომლობა კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით.
„საქართველომ დიდი ინტერესი გამოხატა „მწვანე წყალბადის“ ტექნოლოგიების მიმართ. საქართველოს ენერგეტიკის კანონმდებლობა და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის (NECP) პროექტი უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს წყალბადის ათვისებას ენერგეტიკის სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ გვაქვს სტრატეგია ან სამოქმედო გეგმა, რომელიც უშუალოდ წყალბადის საკითხებს განიხილავს, ჩვენი მხრიდან უკვე გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები ამ მიმართულებით. მაგალითად, 2021 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში „მწვანე წყალბადის“ განვითარების ხელშეწყობას. ამ შეთანხმების ფარგლებში შეფასდება საქართველოში მწვანე წყალბადის განვითარების პოტენციალი მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტის შემდგომი განხორციელებისთვის.“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ
„საქართველომ დიდი ინტერესი გამოხატა „მწვანე წყალბადის“ ტექნოლოგიების მიმართ.”
რომეო მიქაუტაძე
ფორუმზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“,(WEG)-ის , 2022 წლის გლობალური წყალბადის ანგარიში. მსოფლიო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლბმა ისაუბრეს წყალბადის პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებზე. IEA, წყალბადის საერთაშორისო პარტნიორობის და ინიციატივების წარმომადგენლებმა განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები და წყალბადის საერთაშორისო ბაზრების პერსპექტივები. ფორუმში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის და მოლდოვის წარმომადგენლებმა, ვინც წარმოაჩინეს თავიანთი ქვეყნების ხედვა და ინტერესები წყალბადის პოლიტიკაში.


ფორმუში მონაწილეობა მიიღო საქართველოს წყალბადის ეროვნულმა ასოციაციამ – ასოციაცია შეიქმნა 2021 წელს, იდეითა და მიზნით გაეზარდა წყალბადის აქტუალობა ენერგეტიკულ სექტორში, რაშიც ჩამოყალიბების დღიდან დღემდე აქტიურ როლს თამაშობს. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში, ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეგიდით ჩამოყალიბდა წყალბადის კომიტეტი, სადაც სამინისტროსთან ერთად, წყალბადის ეროვნული ასოციაცია და სხვა სფეროში მოღვაწე სუბიექტები შედიან. კომიტეტის მთავარი მიზანია საქართველოში წყალბადის ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივებისა და წყალბადის პროექტების სოციალურ-ეკონომიკური გავლენის შეფასება, რის შესაბამისად გაიცემა რეკომენდაციები ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და რესურსის ათვისების ყველაზე ეფექტიანი მიდგომის ჭრილში.
„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG)-ის განცხადებით, წყალბადი, როგორც სუფთა ენერგიის შენახვის, ტრანსპორტირების და მოხმარების საშუალება, 21-ე საუკუნის ენერგეტიკის ერთ-ერთი უმთავრეს პერსპექტიულ მიმართულებად განიხილება. საქართველოს კი, რომელიც აქტიურად ერთვება სუფთა წყალბადის განვითარების ევროპულ პროცესებში, შესაძლებლობა აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური,პოლიტიკური და უსაფრთხოების სარგებელი მიიღოს საკუთარი რესურსებისა და სხვა ქვეყნებიდან ტრანზიტის ხელშეწყობით.