მსოფლიო ბანკის ვორქშოპი-წყალბადი
მსოფლიო ბანკის ადგილობრივმა წარმომადგენლობამ, თბილისში, საკუთარ ოფისში, 2023 წლის 16 ოქტომბერს ჩაატარა ვორქშოფი, სადაც მოახდინა წყალბადის თემაზე მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია.
ანგარიშის მოსასმენად მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს წყალბადის კომიტეტის წევრები, წყალბადის ეროვნული ასოციაცია, ADB, KFW,AFD,JICA,USAID,EBRD,EIB, ილიას სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები, კერძო ენერგეტიკული საკონსულტაციო პირები და სხვა ენერგეტიკული საზოგადოების წევრები. შეხვედრას მსოფლიო ბანკის ენერგეტიკის უფროსი სპეციალისტი ფლორიან კიტი გაუძღვა.
მისასალმებელი სიტყვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან ქალბატონმა მარგალიტა არაბიძემ თქვა. მან ხაზი გაუსვა სუფთა წყალბადის ენერგიის მნიშვნელობას საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების მიღწევაში, დეკარბონიზაციასა და საერთაშორისო კონვენციების მიმართ აღებულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოსვლაში. ქვეყანაში სამინისტროს ეგიდით ჩამოყალიბდა წყალბადის კომიტეტი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს წყალბადის ეროვნული სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე მუშაობა. სამინისტრომ კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა და მტკიცე სურვილი, სექტორის დახმარების, ახალი ინიციატივის მოსმენისა და განხილვის შესახებ.
შეხვედრა წყალბადის ბაზრის მიმოხილვით მსოფლიო ბანკის სპიკერმა, სტეფან ჯილმა გახსნა. ხაზი გაესვა პრობლემას – ბაზარზე სუფთა წყალბადს საკმაოდ მცირე წილი უჭირავს, დაახლოებით 2%, აქედან 1-1% მწვანე წყალბადსა და ლურჯს. შესაბამისად საერთო წარმოებასა და მოხმარებაში, რაც წელიწადში 100 მეგატონას შეადგენს, ნაცრისფერი წყალბადის დიდი რაოდენობიდან გამომდინარე 900 მეგატონა CO2-ის გამოფრქვევა ხდება. მსოფლიო ბანკის ხედვით, მწვანე წყალბადის ფასი, რომელიც დაახლოებით 5-6-ჯერ მეტია ნაცრისფერ წყალბადის ფასზე 2030 წლისთვის მხოლოდ 2 ჯერ დიდი იქნება, 2040 წელს გაუთანაბრდება, ხოლო 2050 წელს შედარებით იაფიც კი იქნება, რაც ნიშნავს, რომ სუფთა წყალბადის კონკურენტულობა და მისი წარმოების ეფექტურობა წლიდან წლამდე გაიზრდება. მსოფლიო ბანკმა საკუთარი პროექტების ანალიზის შედეგად გააზიარა ხედვა, რომ 1 მილიონი ტონა მწვანე წყალბადის წარმოებისთვის საჭიროა, 10 გეგავატი ელექტროლაიზერი, 20 გეგავატი განახლებადი ენერგიის წყაროები და 30 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რაც მისი წარმოების კაპიტალ-ინტენსიურობაზე მიუთითებს. ამ მომენტისთვის 2030 წლამდე პროექტების სია 1000-ზე მეტი პროექტისგან შედგება (61% განვითარებული ქვეყნები, 6% ჩინეთი) და მათი ჯამური ღირებულება 319 მილიარდი დოლარია.
შემდეგი გამომსვლელი კვლავ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი თეონა ელიზბარაშვილი იყო, რომელმაც უკვე საქართველოზე ორიენტირებული ანგარიში წარადგინა. საქართველოს მთავრობამ მიზნად დაისახა 2030 წლისთვის, ენერგიის საბოლოო მოხმარებაში, განახლებადი ენერგიის წილის 27.4%-მდე გაზრდა. აგრეთვე ქვეყანამ აიღო ვალდებულება შეამციროს სათბური აირების ემისიები 35%-ით 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო საერთაშორისო ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერის შემთხვევაში – 50-57%-ით. მიუხედავად სექტორში აქტიური მუშაობის , ჯერჯერობით, საქართველოს არცერთ ენერგო კანონსა თუ კლიმატურ საკანონმდებლო ჩარჩოში წყალბადის პირდაპირი მითითება არ არის. ანგარიშში ყურადღება იყო გამახვილებული საქართველოსთვის წყალბადის ტრანსპორტირების სირთულეებზე ინფრასტრუქტურისა და სავარაუდო დაინტერესებულ შემსყიდველებთან შორი დისტანციიდან გამომდინარე, გარდა ამისა – ლიმიტირებული ინდუსტრიული წილი ეკონომიკაში, ხარჯიანი სადგურები, წყალბადის მანქანების მაღალი დანახარჯები და კომპეტენტური მუშახელის დეფიციტი. თუმცა, ასევე საინტერესოა წყალბადის წარმოება საბოლოო პროდუქტი ამონიუმის მისაღებად, რომლის ექსპორტიც დღესდღეობით საქართველოდან უკვე ხორციელდება საერთაშორისო ბაზარზე, როგორც ამიერ კავკასიაში, ასევე ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად ამ ეტაპზე კონკურენტული უპირატესობის არსებობის ბუნდოვნებისა, ნამდვილად არსებობს საკმაოდ პოზიტიური ასპექტები სექტორის განვითარების პერსპექტივაში, ისეთი როგორიც მწვანე ამონიუმის შესაძლო ქარხანათა მშენებლობა და kfw-ს დაფინანსებული, მუნიციპალური ტრანპორტის წყალბადის საწვავზე გადართვის პროექტი არის, შესაბამისად, სუფთა წყალბადის წარმოებასა და ექპორტის მიმართულებით, საკითხი აქტუალურია და მოითხოვს ღრმად შესწავლას.
შეხვედრა საკონსულტაციო კომპანია – GOPA Intec-ის შემუშავებული წყალბადის ეროვნული სტრატეგიის კონცეფციის შაბლონის პრეზენტაციით დასრულდა. მასზე ბატონმა ვახტანგ ბეგაშვილმა და ბატონმა მუმრან მარგველაშვილმა ისაუბრეს. კონცეფციის შაბლონის შექმნისას გაანალიზებული იყო, როგორც გლობალური ტრენდები მწვანე წყალბადის მნიშვნელობისა და განვითარების შესახებ, აგრეთვე, რათქმაუნდა, კონკრეტულად საქართველოს რესურსებისა და ბუნებრივი გარემოპირობების გათვალისწინებით დანახული პერსპექტივები. ყურადსაღებია ფაქტი, რომ საქართველოს პერსპექტივა არამხოლოდ ლოკალურად, ქვეყნის ფარგლებში იქნა განხილული, არამედ, როგორც რეგიონალური სუბიექტი, როგორც კავკასიის, ასევე შუა აზიისა და ევროპის. მაგალითად იყო მოყვანილი აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის დადებული შეთანხმებები, ასევე გერმანიასა და ყაზახეთს შორის, სადაც საქართველო მოიაზრება, როგორც მწვანე წყალბადისა და მისგან წარმოებული პროდუქტების ტრანზიტული ქვეყანა. კონცეფციის შაბლონის ნაწილია ასევე სამოქმედო გეგმა, რომელის ჩამოყალიბების პროცესშიც თანდათანობით გამოვლინდება საქართველოს ადგილი მწვანე წყალბადის მსოფლიო მიწოდების ჯაჭვში. შაბლონი ძირითადად გამოყოფდა გუნდის ხედვას, პრინციპებსა და პრიორიტეტებს წყალბადის ენერგიის სექტორის სწორად ხედვისა და გაანალიზებისთვის. Gopa Intec მოცემული დოკუმენტის შექმნისას კონსულტაციებს გადიოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსე, ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და სემეკთან, აგრეთვე მათ განსაკუთრებული მადლიერება დააფიქსირეს პროფესორი ქოქსმითის (ჰამბურგის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი), ბატონი იაშინ გორეს (GRINIX Energy Solutions) და ქალბატონი ქეთევან პაპაშვილის (წყალბადის ეროვნული ასოციაცია) მიმართ, დოკუმენტის შედგენაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის.